მინსკის დღიურები
- Mariam Bitsadze
- Aug 29, 2023
- 3 min read
Updated: Oct 20, 2025
ნაწილი 1

ცხრამეტ ივლისს ორი თვე გახდება რაც სამსახურის გამო ბელარუსის დედაქალაქში, მინსკში მომიწია გადმოსვლა. აქაურობა სტერილური სისუფთავით გამოირჩევა, თითქოს შენობები წმენდისგან ცვდება. ყველაფერი იმ პატარა ბავშვს ჰგავს, მშობელი რომ ასწავლის სისუფთავე დაიცვას, ხოდა მისთვის ძალიან რთული რომ არის, მაგრამ პირნათლად რომ იცავს ამ სისუფთავეს, პერიოდულად შიშები რომ ჭამს ხომ არ დაისვარა და მუდმივად შარვალზე ხელს რომ ისვამს შესამოწმებლად...
ვერასდროს ვიფიქრებდი თუ კონკრეტულად დროის ამ მონაკვეთში, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის მეორე წელს, მომიწევდა ცხოვრება ქვეყანაში, რომელიც დღესაც დიქტატორის მმართველობის ქვეშაა და სადაც თავისუფალი აზრი უფრო საშიშია ვიდრე ნებისმიერი ვენერიული დაავადება.
აქ ვერ ნახავთ უკრაინის დროშას, აქ ოფისებშიც კი ‘მილიცია’ დადის და ამოწმებს რას ვაკეთებთ.
როდესაც სამსახურებრივი შემოთავაზება მივიღე კარგად დავფიქრდი, გავიაზრე საფრთხეები და პირველი მოტივი რამაც გონებაში გამიელვა, გარდა ჩემი საქმისა და კონკრეტული პროექტის მიმართ ინტერესისა, იყო ის რომ მენახა თუ საით მიდის ჩემი ქვეყანა, ვიფიქრე დროში ვიმოგზაურებ და უკეთ მეცოდინება თუ რისგან უნდა ვიყოთ შორსთქო. ანთროპოლოგიური თვალსაზრისით აქ უნდა მენახა ის საბჭოთა რეალობა რომელსაც მე არ მოვსწრებივარ, რომელიც 94 წელს დაბადებულს რატომღაც სულ შავთეთრი, უხმო და მოსაწყენი წარმომედგინა.
მინსკი შავთეთრი არ არის, ძალიან ფერადია, ფერებში განსაკუთრებით მწვანე და ვარდისფერი ჭარბობს (მთლად წითელი არა, როგორც მათივე დიქტატორის მიერ დახატულ დროშაზეა), უაზროდ ფართე არეალზე გაშლილი საბჭოთა მოვლილი ნაგებობებიც გარკვეულ ბალანსს ქმნის და ადამიანები თავიდან ძალიან ცივად გხვდებიან, თუმცა როგორც კი ოდნავ შენს სითბოს დაინახავენ, ეგრევე ძალიან თბილები ხდებიან.
აკრძალული აქ არაფერი არ არის, ძალიან თავისუფლად გადაადგილდები და შეგიძლია რაც გინდა ის ილაპარაკო. ქუჩაში დიდად არ გიღიმიან, თუმცა შენ თუ გაუღიმებ აუცილებლად ღიმილითვე გიპასუხებენ.
რომ ჩამოვედი დედაჩემმა დამირეკა და მკითხა, აბა, რას იტყვი, სულ რომ გაინტერესებდა და კითხულობდი საბჭოთა კავშირზე, ხომ ნახეო... არა, ვერაფერიც ვერ ვნახე. აქ ყველაფერი იგივეა, საერთოდ ყველაფერი, შავ-თეთრიც არ არის აქაურობა, ხალხი ძალიან კეთილი და საყვარელია, სულ მზად არიან დაგეხმარონ და სულ კომპლიმენტებით გავსებენ.
საქართველოსი არ იყოს ინფორმაციას ტაქსისტების მეშვეობით კარგად აგროვებ, რამდენიმე მათგანისგან მოვისმინე თუ რა გენიალური იდეაა რომ მთელ მსოფლიოში ერთი ენა არსებობდეს და ყველა ამ ენაზე ლაპარაკობდეს, ჩემ კითხვაზე თუ რომელ ენას გულისხმობენ დაკონკრეტება დიდად არ მოსწონთ, თუმცა იდეა იქიდან მოდის რომ თავად მხოლოდ რუსული იციან, თავიანთ ნაციონალურ ენაზე მისალმებას ვერ იგებენ და დაბნეულები გიყურებენ. როდესაც ეუბნები რომ ადამიანისთვის ბევრი ენის ცოდნა მხოლოდ სასარგებლოა იცინიან, დიახ, იცინიან, სწორედ ისე როგორც ის კაცი, ყველაზე პოპულარული კაცი დღეს დედამიწაზე, ყველაზე პოპულარული ბოროტმოქმედი.
ჩემი ასაკის ადამიანებს რომ ვეკითხები აქამდე როგორ მოხვედითთქო მპასუხობენ არ ვიცით, 2020-მდე ასე არ იყო, ბევრად თავისუფლები ვიყავითო.
ფერად და სუფთა ფასადებში შიში ახალი ნორმაა, აქ სიამოვნებით გიპასუხებენ სად არის კარგი საკვები ობიექტი, სად არის ლამაზი პარკი, სად შეიძლება შეიჭრა თმა, მაგრამ არასოდეს დასვა კითხვა პოლიტიკაზე, ყველას ეცვლება ტონი, სახე და დამოკიდებულება შენ მიმართ, ხშირად აგენტი გონიხარ ან მიგზავნილი იმისთვის რომ ხაფანგს წამოაგო.
გოგონა რომელიც დამხმარედ მომამაგრეს ადგილობრივია, 24 წლის არის, ძალიან შრომისმოყვარე და საინტერესო ადამიანია, თუმცა თავიდან ძალიან რთული იყო მასთან კომუნიკაციაში შესვლა, აქაურებთან თითქოს კანონივით არის, თავიდან არავინ გიმეგობრდება და გიღიმის, სულ ეჭვის თვალით გიყურებენ, მხოლოდ მას შემდეგ იხსნებიან რაც დარწმუნდებიან რომ არაფერს დაუშავებ.
მას შემდეგ რაც მე და ანასტასიამ საერთო ენა ვიპოვნეთ ვფიქრობ დიდი ხნის თმენის შემდეგ, არსაიდან მაჯახა, თქვენ უცხოელები ხომ თვლით რომ ბელორუსი ყველაფერი იმის თანამზრახველია რასაც რუსეთი აკეთებსო, ხოდა თუ ომის წინააღმდეგი ხარ მაშინ აქ რატომ ჩამოხვედიო? მშვიდად ვუპასუხე რომ ბელორუსში ჩემი ყოფნა და ხარჯები ავტომატურად ომის დაფინანსებას არ უკავშირდება ჯერჯერობით, განსხვავებით მოსკოვისგან, როცა ასე იქნება აუცილებლად განვუდგები ბელარუსსაც თუმცა თქვენ მსხვერპლად გთვლით, უსამართლობის მძევლებადთქო, ანასტასიასგან ამის შემდეგ ბევრად მეტი სიმპათია ვიგრძენი და ერთად მუშაობაც ძალიან გაგვიმარტივდა.
აქაური ხალხი ძალიან შრომისმოყვარეა, თუმცა სამართალდაკარგული.
მინსკში ყოფნის ერთი კვირის თავზე ჩემი თანამშრომელი, მხატვარი ბიჭი დაიჭირეს, რადგან გასაჯაროვდა ვიდეო, სადაც 2020-ის აქციებში მისი მონაწილეობა იყო ასახული. ორ დღეში დაიჭერეს ჩემს მეზობლად მცხოვრები ახალგაზრდა ბიჭი, იქნებოდა ასე 18-20 წლის, ბებიამისი რამდენიმე დღე იჯდა სახლის წინ და ცრემლიანი ელოდებოდა... იმ ქალს ვერ გამოველაპარაკე, მეც შემეშინდა ჩემი კითხვებით არ გამეღიზიანებინა, თუმცა ძალიან მაინტერესებდა როდის დაბრუნდებოდა მისი შვილიშვილი...
ეს ამბავი დარჩა კითხვისნიშნებით სავსე და დროთა განმავლობაში მივხვდი რომ მეც შევეშვი კითხვების დასმას.
Comments